მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ქართველებს მებრძოლების გენი გვაქვს“ - მერაბ დვალიშვილი

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ვებგვერდთან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზე ისაუბრა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ და როგორ დახვდა ხალხი მას საქართველოში.

რა თქვა დვალიშვილმა:

„ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ამასთანავე, ძალიან ბევრი დრამა გაჩნდა, ყველა ჩემზე საუბრობს. შესაძლოა, ადამიანებს ისე ძალიან სურთ უმართან ჩემი ჩხუბის ხილვა, რომ პარალელურად შეურაცხყოფასაც მაყენებენ. ყურადღებას წარსულშიც ვიყავი მიჩვეული, მაგრამ ახლა სოცქსელებში ძალიან ბევრი სიძულვილი გაჩნდა. ეს დამატებითი ზეწოლაა, რომელთან შეგუებაც რთულია, მაგრამ საერთო ჯამში თავს კარგად ვგრძნობ და უახლოეს ბრძოლაზე ვარ ფოკუსირებული.

ჯერ კიდევ ვეჩვევი ჩემპიონობას. საუკეთესო მიდგომაა, რომ საქმით ვიყო დაკავებული, ამიტომაც დავთანხმდი ასეთ მოკლე ვადაში ჩხუბს, მიუხედავად იმისა, რომ ქამრის მოპოვების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასვენებას ვაპირებდი. ახლა თავს კონორ მაკგრეგორად ვგრძნობ, ჩემს გარშემო მხოლოდ სკანდალებია - ადრე ასეთი რამ ჯონ ჯონსისა და მაიკ ტაისონისნაირი ადამიანების გარშემო ხდებოდა. მე ისევ ის მერაბ დვალიშვილი ვარ და ისევ ჩემს საქმეს ვაკეთებ.

როცა საქართველოში ჩავედი, აეროპორტში ბედნიერი ხალხი დამხვდა, ახალგაზრდები, მოხუცები - ყველა მილოცავდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მესმოდა მთელი პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ვცხოვრობ. ვფიქრობ, ახლა კენჭი რომ ვიყარო, შემიძლია, საქართველოს პრეზიდენტი გავხდე, მაგრამ პოლიტიკისგან შორს ყოფნას ვცდილობ. მინდა, ის ვაკეთო, რაშიც კარგად ვერკვევი, და ოქტაგონში ჩხუბით საკუთარ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო.

ჩემი და ილია თოფურიას ჩემპიონობა საქართველოსთვის სერიოზული მიღწევაა. ქართველებს მებრძოლების გენი გვაქვს, ნიჭიერი ხალხი ვართ. საქართველოში ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს. UFC-ის ყურებადობა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. ახლა საქართველოში რთული ვითარებაა, საპროტესტო აქციებია, მაგრამ როდესაც ჩემი ახალი ბრძოლა დაანონსდა, ეს ყველა მედიასაშუალების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა“.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს ლოს-ანჯელესში მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს, მისი მეტოქე კი ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი (18-0) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სეხუდო უმარს აქებს - „ვფიქრობ, მის გამო სხვა წონაში ხომ არ გადავიდე“
სეხუდო უმარს აქებს - „ვფიქრობ, მის გამო სხვა წონაში ხომ არ გადავიდე“