20 მილიონის მიღება სურთ - ბარსამ დე იონგი ტრანსფერზე დააყენა
ფრენკი დე იონგის ბარსელონადან წასვლა დღის წესრიგში ისევ დადგა. Goal.Com-ის ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა ნიდერლანდელი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება დაწია და შეთავაზებებს ელის.
მას შემდეგ, რაც ბლაუგრანაში ახალგაზრდულმა ნიჭმა მოიყარა თავი, ფრენკის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა.
აღსანიშნავია მისი ტრავმაც, საიდანაც დე იონგი კარგ ფორმაში ვერ დაბრუნდა და ჰანსი ფლიკი მისი გარჯით უკმაყოფილოა. ამის ფონზე კი თითქმის აღარ ათამაშებს. 27 წლის ფეხბურთელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. ხელმძღვანელობას კი მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს.
წყაროს ცნობით, ლაპორტას მისი გაყიდვა მინიმუმ 20 მილიონ ევროდ სურს, მაგრამ ამის წინააღმდეგი თავად ფეხბურთელი იქნება. ამის გამო კი კლუბმა შეიძლება მკაცრი ზომები მიიღოს და დე იონგი საერთოდ არ ათამაშოს. ეს კი მის ფორმაში დაბრუნებას ხელს შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში ფრენკის გადაბირება მანჩესტერ იუნაიტედს სურდა, თუმცა იმ დროს, ბლაუგრანას ჩავი ერნანდესი ხელმძღვანელობდა და მისი კატეგორიული მოთხოვნით ნიდერლანდელი გუნდში დარჩა.
დე იონგი ბარსელონაში 2019 წლიდან თამაშობს და დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 226 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.