რომას მფლობელები ევერტონში მივიდნენ - ფრიდკინები საუთგეიტს იწვევენ
ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ უძველეს და ტრადიციულ კლუბში მფლობელების შეცვლის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია დასრულდა - დენ ფრიდკინის კონსორციუმმა კომპანია Blue Heaven Holdings-ისგან, რომლის პრეზიდენტიც ფარჰად მოშირია, „ევერტონის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი, ანუ 94,1 პროცენტი ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში შეიძინა, თუმცა ივლისში თავად ფრიდკინისვე ინიციატივით ხელშეკრულება დროებით შეწყდა.
მოშირს ლივერპულური კლუბიდან წასვლა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა და 2023 წლის სექტემბერში დათანხმდა ამერიკული საინვესტიციო კომპანია 777 Partners-ის წინადადებას. წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებით, „იანკებს“ 31 მაისამდე გარიგების გასაფორმებლად აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა შეეგროვებინათ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს და ყველაფერი ჩაიშალა. აქედან ერთი კვირის თავზე კი ჰორიზონტზე ფრიდკინიც გამოჩნდა, რომლის კომპანიასაც MSP Sports Capital-ის, Dell Technologies-ს და A Cap-ის სახით, საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავდა, მაგრამ ფრიდკინების ოჯახმა, რომელთაც უკვე დიდი ხანია „რომა“ ჰყავთ მფლობელობაში, ყველას აჯობეს და 2023 წლის დეკემბერში „ევერტონშიც“ მივიდნენ.
ფრიდკინს, რომლის ქონებაც 4,8 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული, „კანფეტების“ აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენა 475 მილიონი ევრო დაუჯდა. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და ივლისში ლივერპულური კლუბის გადაბარების პროცესი შეჩერდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მომავალ მფლობელებს ახალი სტადიონის მშენებლობის დასაწყებად 200 მილიონი ფუნტი უკვე გადახდილი ჰქონდათ. საბოლოოდ, ფორმალობების მოგვარებას თითქმის ნახევარი წელიწადი დასჭირდა და ორიოდე კვირის წინ „ევერტონი“ ოფიციალურად Friedkin Group-ის მფლობელობაში გადავიდა.
„ევერტონის“ გულშემატკივრები კლუბში ახალი ინვესტორის გამოჩენას იმედის თვალით უყურებენ, რადგან ფარჰად მოშირის მმართველობის პერიოდში მათ საყვარელ გუნდს ხარისხიანთან მიახლოებული ფეხბურთიც კი არ უჩვენებია. ეს უკანასკნელი „გუდისონ პარკზე“ 2016 წელს მივიდა და თუ თავდაპირველად ლივერპულური გუნდის აქციების მხოლოდ 49 პროცენტი შეიძინა, 2022 წელს საკუთარი აქტივები 94 პროცენტამდე გაზარდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში „ირისებმა“ ინგლისის პრემიერლიგაში ცხრა სეზონი ჩაატარეს და გათამაშება მეშვიდე ადგილს ზემოთ არასოდეს დაუსრულებიათ. გუნდი ათეულში 4-ჯერ მოხვდა, ბოლო სამი სეზონი კი მე-15, მე-16 და მე-17 პოზიციებზე დაასრულა. ფანებისთვის განსაკუთრებით ცუდად გასახსენებელია 2022-2023 წლების სეზონი, როდესაც „ევერტონმა“ გავარდნისგან თავი მხოლოდ ბოლო ტურში გადაირჩინა.
უძველესი მერსისაიდული გუნდი მოშირის პრეზიდენტობისას წარმატებებით ვერც სხვა ტურნირებზე დაკვეხნის. ინგლისის თასებზე მაქსიმუმი ერთხელ ნახევარფინალში, ორჯერ კი მეოთხედფინალში გასვლა იყო. რაც შეეხება ევროტურნირებს, „ევერტონი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს მოხვდა, სადაც ქულები მხოლოდ კვიპროსის „აპოლონთან“ დააგროვა, ხოლო ბერგამოს „ატალანტასთან“ და საფრანგეთის „ლიონთან“ ვერაფერი გააწყო. ირანული წარმოშობის მქონე ბიზნესმენის მმართველობისას, კლუბმა 68 ფეხბურთელის დამატებაში 797 მილიონი ევრო დახარჯა და მათგან გაცემული ავანსები მხოლოდ 25-მა მოთამაშემ გაამართლა. წარუმატებელ ტრანსფერებს შორის ფიგურირებენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც მაარტენ სტეკელენბურგი, ელიაკიმ მანგალა, ჟან-ფილიპ მბამენი, დევი კლაასენი და ნილს მოპეი არიან.
2023 წლის ნოემბერში, ფინანსურ ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო „ევერტონს“ 10 ქულა ჩამოაკლეს, აპელაციის შემდეგ 4 დაუბრუნეს, თუმცა აპრილში 2 ისევ უკან წაართვეს. წინა სეზონების მსგავსად, ლივერპულელები ამჯერად სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არიან და თვრამეტი ტურის შემდეგ 17 ქულით მე-15 ადგილს იკავებენ, თუმცა კონკურენტებთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. კლუბის მთავარი მწვრთნელი შონ დაიჩია, რომელიც ფრიდკინების მისვლას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, მაგრამ ბრიტანული პრესის ცნობით, მას პოსტზე დიდხანს არ გააჩერებენ და ინგლისის ნაკრების ყოფილი დამრიგებლით, გარეტ საუთგეიტით ჩაანაცვლებენ.
რამდენად შეძლებენ ფრიდკინები „ევერტონისთვის“ ძველებური დიდების დაბრუნებას, რთული სათქმელია, რადგან „რომაში“ მათი მოღვაწეობა მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის და მას შემდეგ რაც „ჯალოროსო“ შეიძინეს, დედაქალაქელებს სერია A-ში მეექვსე ადგილზე მაღალი პოზიცია არ დაუკავებიათ, წლევანდელ სეზონში კი ფრიდკინებმა სამწვრთნელო ცვლილებას უკვე ოთხჯერ მიმართეს.