BBC: ჩაკვეტაძე ღირებული აქტივია, მისი შეძენა ბევრ გუნდს სურს
გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი დღითიდღე იზრდება. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას პრემიერლიგის კლუბები იჩენენ.
ჩაკვეტაძემ, რომელმაც მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ რიგებში ჩემპიონშიფის 22 ტურიდან ყველა ითამაშა, ბრიტანული პრესა ხშირად აქებს და მას გუნდის მთავარ დასაყრდენს უწოდებს.
BBC Sport-ი ჩემპიონშიფის გუნდებზე და მათ მოთამაშეებზე წერს, რომელთა მიმართაც იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას დიდი ინტერესი იქნება.
„უოტფორდს მიმდინარე სეზონში ახალი გამტანი ფორვარდი არ აწყენდა. მათ რიგებში მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე აშკარად ღირებული აქტივია. ის ბრწყინვალეა და ქართველის ხელში ჩაგდების მცდელობა ერთბაშად რამდენიმე კლუბს აქვს. საბოლოოდ ის მოხდება, რომ დიდი თანხის სანაცვლოდ ის გუნდს დატოვებს, მაგრამ საეჭვოა, რომ უოტფორდმა თავისი ლიდერი შუა სეზონში გაყიდოს. ეს უფრო ზაფხულში მოხდება.
უოტფორდმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას 3-4 კარგი მოთამაშე უნდა დაიმატოს, თან ჩაკვეტაძეც შეინარჩუნოს და შემდეგ, პლეი-ოფში მათი მოხვედრა უკვე რეალური გახდება“.
- ამბობს ადგილობრივი კორესპონდენტი ჯეფ დოილი BBC-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 23-ე ტურის შეხვედრას „უოტფორდი“ 29 დეკემბერს, შინ „კარდიფის“ წინააღმდეგ გამართავს. ტომ კლევერლის გუნდმა გასული ტურის მატჩი „პორტსმუთთან“ 95-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.