დაგეგმილზე გვიან გამოჯანმრთელდება - საკას დაბრუნების თარიღი ცნობილია
ინგლისის პრემიერ ლიგის XVII ტურში „კრისტალ პალასთან“ (5:1) ლონდონური დერბის 24-ე წუთზე დაშავებულ ბუკაიო საკას ოპერაცია გაუკეთეს. „არსენალის“ 23 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველს ქირურგიული ჩარევა ბარძაყის უკანა კუნთზე ჩაუტარდა და როგორც კლუბის სამედიცინო შტაბი იუწყება, სარეაბილიტაციო პროცესი მინიმუმ 2 თვე გაგრძელდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა ნაწიბუროვანი ქსოვილის შეხორცების პროცესი.
საკას გარეშე „მეთოფეებმა“ პირველად გუშინ ითამაშეს და საკუთარ სტადიონზე „იფსვიჩ თაუნი“ 23-ე წუთზე კაი ჰავერცის მიერ გატანილი გოლით, მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს, რითაც კლუბმა წაუგებელი სერია 11 (8 მოგება 3 ფრე), მოგებათა სერია კი 3 მატჩამდე გაზარდა. „არსენალის“ დამრიგებელმა მიკელ არტეტამ პრეს კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საკა მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რის გამოც არ გამორიცხავს იანვარში მისი შემცვლელის დამატებაზე იზრუნონ.
ინგლისის წლევანდელ ჩემპიონატში ბუკაიო საკას ანგარიშზე 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კი თავი 4 ბურთითა და 2 ასისტით გამოიჩინა.