ჯოკოვიჩი და კირიოსი ერთად - ინტრიგა ბრისბენის ტურნირზე
ავსტრალიის ქალაქი ბრისბენი 30 დეკემბრიდან 6 იანვრამდე ATP 250-ის ტურნირს უმასპინძლებს, სადაც უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩოგბურთის გულშემატკივრებს საინტერესო სანახაობა ელოდებათ, რადგან კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ნიკ კირიოსის წყვილი გავა. ტურნირის კენჭისყრა უკვე შედგა და გაირკვა, რომ სერბისა და ავსტრალიელის დუეტი, რომლებიც შეჯიბრებაში ველური ბარათით დაუშვეს, პირველ წრეში ანდრეას მიესისა და ალექსანდრ ერლერის წყვილს დაუპირისპირდება.
როგორც ჯოკოვიჩი, ასევე კირიოსი ტურნირზე ბუნებრივია ერთეულებშიც გამოვლენ. დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენი სერბი პირველ წრეში ავსტრალიელ რინკი ჰიჯიკატას დაუპირისპირდება, ხოლო კირიოსის მეტოქე 21 წლის ფრანგი ჯოვანი პერიკარი იქნება. შეგახსენებთ, რომ ნოლემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ 2025-ში აქცენტს მხოლოდ დიდი სლემის ტურნირებზე გააკეთებდა, თუმცა ბრისბენის შეჯიბრებას ის სწორედ ავსტრალიის ღია პირველობისთვის გენერალურ რეპეტიციად განიხილავს.
ცნობისათვის, 2024 წელი მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში ჯოკოვიჩმა 3 910 ქულით მეშვიდე ადგილზეა დაასრულა და საჯაროდ განაცხადა, რომ ეს სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო.