წყალბურთის კონგრესი საქართველოში - ანტონიო და სილვას ვიზიტის დეტალები
თბილისში სპეციალური ვიზიტით ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო და სილვა იმყოფება. მან შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ნიკოლაიშვილთან გამართა.
გადაწყდა, რომ 2025 წელს ჩვენი ქვეყანა საწყლოსნო სახეობათა კონგრესს უმასპინძლებს, რომლის დროსაც საქართველოში 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები ჩამოვლენ. ასევე განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა, რისთვისაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. დაგეგმილია, რომ 2028 წლისთვის ჩვენს ქვეყანას ექნება თანამედროვე ტიპის საწყლოსნო კომპლექსი, სადაც როგორც წყალბურთში, ასევე სხვა საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება შესაძლებელი იქნება.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2014 წლიდან მოყოლებული ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ექვსჯერ იასპარეზა და საუკეთესო შედეგი 2022 წელს აჩვენა, როდესაც მერვე ადგილი დაიკავა.