გარანტია ძაკარდოა - ისევ კვარას კონტრაქტზე
დრო მიდის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელება გრძელდება. პარტენოპეის ხელმძღვანელებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო ისინი განგაშის ატეხვას არ აპირებენ და თუ შეთანხმების მიღწევა ახლა ვერ მოხერხდა, ისინი ხვიჩას გარემოცვასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ზაფხულში ისევ დასხდებიან.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას უკანასკნელმა შეხვედრამ ფეხბურთელის მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან და აგენტ მამუკა ჯუღელთან კონკრეტული შედეგები ვერ მოიტანა. თუმცა, ამის გამო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ ნერვიულობს, რადგან მას ფიფას აგენტის კრისტიან ძაკარდოს დიდი იმედი აქვს, რომელიც თავის დროზე ნეაპოლურ კლუბში კვარას ტრანსფერის მთავარი შუამავალი იყო.
წლევანდელ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 5 ბურთთან ერთად, 3 საგოლე პასიცაა. ცოტა ხნის წინ კი, 24 წლის ქართველი ფეხბურთელის ეფექტური გოლი „ვერონას“ კარში „ნაპოლის“ მიერ 2024 წელს გატანილ ბურთებს შორის საუკეთესოდ დაასახელეს.