სეხუდო უმარს აქებს - „ვფიქრობ, მის გამო სხვა წონაში ხომ არ გადავიდე“
ამერიკელმა მებრძოლმა, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ თავის პოდკასტში მსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან ისაუბრა და ხაბიბის ბიძაშვილის, უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის მონაწილეობით იანვარში დაგეგმილი ბრძოლის შესახებ საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა.
რა თქვა სეხუდომ:
„ვფიქრობ, მერაბი უმარისთვის კარგი მეტოქეა. უმარს ძალიან კარგი სტილი აქვს, ჩემთვისაც კი. ვფიქრობ, შენი ბიძაშვილის გამო წონითი დივიზიონი შევიცვალო და უმსუბუქეს წონაში გადავიდე“.
თავის მხრივ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სეხუდოს ოქტაგონში დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სეხუდოს მომდევნო მეტოქე უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა უნდა იყოს.
„ვფიქრობ, შენ სპორტის ამ სახეობაში უკვე ყველაფერი გააკეთე, მაგრამ მე რომ პრომოუტერი ვყოფილიყავი, დენა უაითი რომ ვყოფილიყავი, ალეშანდრე პანტოჟას გაჩხუბებდი. მას მეტოქე აღარ ჰყავს. სეხუდო VS. პანტოჟა - ეს დიდებული ჩხუბი იქნებოდა. შენ ოლიმპიური ჩემპიონი ხარ, რაც ერთეულების ხვედრია - შენ ყველა დანარჩენზე ერთი საფეხურით მაღლა ხარ“, - აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს ლოს-ანჯელესში მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს, მისი მეტოქე კი ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი (18-0) იქნება.
რაც შეეხება სეხუდოს (16-4), მან ბოლო ჩხუბი 2024 წლის თებერვალში, სწორედ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ გამართა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.