ტრავმის სიმძიმე ცნობილია - დონჩიჩმა შანსი დაკარგა
შობის დღესასწაულზე „მინესოტასთან“ გამართულ მატჩში ტრავმის სიმძიმე, რომელიც ლუკა დონჩიჩმა ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას მიიღო, ცნობილია. დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 25 წლის სლოვენიელ კალათბურთელს მარცხენა ფეხის კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება, რომელზე მკურნალობასაც როგორც მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება.
დონჩიჩს მიმდინარე სეზონში აშკარად არ უმართლებს, რადგან უკვე მეორედ დაშავდა და ამჯერადაც რამდენიმე კვირით მოუწევს უქმობა, რის გამოც „დალასის“ ლიდერი იმედგაცრუებულია. გარდა იმისა, რომ თანაგუნდელებს მნიშვნელოვან მატჩებში ვერ დაეხმარება, დონჩიჩმა რეგულარული პირველობის MVP-ის პრიზის ბრძოლისთვის შანსი საბოლოოდ დაკარგა, რადგან ამ ჯილდოს მისაღებად ელემენტარულად საკმარისი რაოდენობის მატჩები არ ექნება ჩატარებული.
მიმდინარე სეზონში „მავერიქსის“ სლოვენიელი მცველი საშუალოდ 28,8 ქულას, 8,5 მოხსნას და 8,1 გადაცემას აგროვებს. დალასელები კი 19 მოგებითა და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე არიან.