უცნაური გაძევება - ჩაკვეს თანაგუნდელი სკანდალში გაეხვა
„უოტფორდი“ – „პორტსმუთის“ გუშინ გამართულ შეხვედრას დამაინტრიგებელი დასასრული მხოლოდ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლის გამო არ ჰქონია. ცვლილებაზე შესული 19 წლის ირლანდიელი ფეხბურთელის როკო ვატას 3-ქულიანი ბურთი მისმა თანაგუნდელმა კვადვო ბაამ ემოციურად აღნიშნა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და არბიტრმა მოედნიდან გააძევა.
მისი გუნდის დაწინაურების შემდეგ, ბაამ ცნობილი თამაშის Fortnite-ის Take the L-ის სტილში იცეკვა, რა დროსაც შუბლზე თითი მიიდო და ეს დამარცხებული მეტოქის დაცინვად მიიჩნევა. მისი ამ საქციელით „პომპეების“ ფეხბურთელები და მწვრთნელები აღშფოთდნენ, რასაც სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და მსაჯიც იძულებული გახდა მასპინძლების მოთამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა „უოტფორდის“ ხელმძღვანელები გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელის გაძევებასთან დაკავშირებით სადისციპლინო კომიტეტში აპელაციის შეტანას. მომდევნო შეხვედრას ქართველი ნახევარმცველის გუნდი კვირას, 29 დეკემბერს, საკუთარ სტადიონზე „კარდიფ სიტისთან“ გამართავს, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.