ნაბიჯი ჯოკოვიჩის რეკორდამდე - რამდენი გამოიმუშავა სინერმა
2024 წელი იანიკ სინერის კარიერაში ცალსახად საუკეთესოა - მიუხედავად დოპინგ-ტესტთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალისა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ გაუგებრობად მოინათლა, იტალიელი ჩოგბურთელი თითქმის ყველა ტურნირზე მოწოდების სიმაღლეზე იყო და წელი რეიტინგის ლიდერის ამპლუაში დაასრულა.
სათამაშო ასპექტების გარდა, ის ასევე სრულიად ლოგიკურად ლიდერია გამომუშავებული საპრიზო თანხის მიხედვით, რომელმაც 19 მილიონ 735 ათას 703 დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ყველა დროის მონაცემებს თუ მივიღებთ მხედველობაში, იტალიელი მეორე ადგილზეა და მასზე მეტი მიღებული მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს, რომლის შემოსავალიც 2015 წელს 21 მილიონ 646 ათას 145 დოლარი გახლდათ. საწყის ხუთეულში ასევე არიან ენდი მარეი (2016 წელი - 16, 349 701 მლნ), რაფაელ ნადალი (2019 წელი - 16, 349 586 მლნ) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (2018 წელი - 15 967 184 მლნ).
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს იანიკ სინერმა წლის პირველი და ბოლო დიდი სლემის ტურნირები, ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობები მოიგო, ხოლო როლან გაროსსა და უიმბლდონზე ნახევარფინალებს დასჯერდა.