ვიქტორ ოსიმენი, გალათასარაი
Aa
Aa

TEAMtalk: ოსიმენს ზამთარში კლუბის შეცვლა არ სურს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „გალათასარაის“ ნიგერიელი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის საკითხზე კიდევ ერთხელ მიმართა. ამის შესახებ გამოცემა TEAMtalk-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მანამდე არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ „წითელი ეშმაკები“ იანვარში ოსიმენის წაყვანას გეგმავენ, მის სანაცვლოდ კი სტამბოლელები „ლიონის“ ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შეძენას აპირებენ, რასთან დაკავშირებითაც „გალათასარაიმ“ „ლიონს“ ოფიციალური წინადადებითაც მიმართა და 17 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ამ თანხამ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა.

ბოლო ცნობებით, „მანჩესტერმა“ ოსიმენთან დაკავშირებით თურქული კლუბის გეგმები მოისმინა, თუმცა შემდგომში არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს. TEAMtalk-ის წყაროების თქმით, იანვარში ოსიმენთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელება არ იგეგმება.

მათივე განცხადებით, ნიგერიელ ფორვარდს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სეზონის ბოლომდე „გალათასარაიში“ დარჩეს, სადაც „ნაპოლიდან“ იჯარის წესით თამაშობს. საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოსიმენი მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს, „პარტენოპეისთან“ მისი კონტრაქტი კი 2026 წლის ზაფხულში იწურება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ოსიმენთა თურქეთის სუპერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გალათასარაის ინტერესი | ბოლო ცნობები მიქაუტაძეზე
გალათასარაის ინტერესი | ბოლო ცნობები მიქაუტაძეზე