კიდევ ერთი კლუბი დაინტერესებულთა შორის | მიქაუტაძეს მარსელიც აკვირდება
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და გიორგი მიქაუტაძის მომავალი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და Sport-ის ცნობით, მათ რიგებს „მარსელიც“ შეუერთდა.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, „სტად ველოდრომის“ ბინადრები მიქაუტაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან. „მარსელს“ „ლიონისთვის“ წინადადებით ჯერ არ მიუმართავს და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.
Foot01-ის მიხედვით, „ლიონს“ 25 მილიონი ევროს მიღება სურს, თურქულ პრესაში კი სატრანსფერო თანხად 20-22 მილიონს ასახელებენ. ამ მომენტისთვის, ერთადერთი კლუბი, რომელმაც ფრანგებს წინადადებით მიმართა, „გალათასარაია“. „გალა“ 18 მილიონს იხდიდა, მაგრამ „ლიონისგან“ უარი მიიღო. „გალათასარაი“ 18-დან მხოლოდ 10 მილიონს ფარავდა იანვარში, რაც მთავარი პრობლემა აღმოჩნდა. „ლიონს“ მინიმუმ 15 მილიონის მიღება სურს.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა.