რა ელის დე იონგს - საუდის არაბეთი გამოირიცხა
წინა სეზონებისგან განსხვავებით, წელს ფრენკი დე იონგს „ბარსელონას“ ნახევარდაცვაში საკვანძო ფეხბურთელის როლი აღარ აქვს და ხშირ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს, რის გამოც ხელშეუხებელ ფიგურად აღარ ითვლება და კლუბის ხელმძღვანელები მის გაყიდვას არ გამორიცხავენ.
საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, კატალონიური გამოცემა SPORT-ის კორესპოდენტი ნიდერლანდელი ფეხბურთელის აგენტს, ალი დურსუნს დაუკავშირდა, რომელმაც მისი კლიენტის საუდის არაბეთში გადაბარგება კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ დე იონგის ინტერესებში მხოლოდ და მხოლოდ „ბლაუგრანაში“ დარჩენა და გუნდთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ბარსას“ შეფებმა ფრენკის ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი საგრძნობლად უნდა შემცირებულიყო და ყოველივე ამაზე ნიდერლანდელმა კატეგორიული უარი განაცხადა, რის გამოც მხარეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და რამდენად ღირს მისთვის ასეთ სიტუაციაში კატალონიურ გრანდში დარჩენა, რთული სათქმელია.