რა ვარიანტს განიხილავს? - კიტეიშვილის მიმართ დიდი ინტერესია
ავსტრიის ბუნდესლიგაში ზამთრის შესვენება არის გამოცხადებული და ყველა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ელის. ავსტრიული Kronen Zeitung-ის ცნობით, შესაძლო წამსვლელთა სიაში ოთარ კიტეიშვილი წინა რიგებშია.
„არ წყდება ხმები გუნდის საკვანძო მოთამაშეების შესაძლო წასვლაზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის ბუნდესლიგის პირველი და მეორე ლიგის კლუბები შტურმის ლიდერების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. საუბარია ნიკლას გეირჰოფერზე, უილიამ ბიოვინგზე და მიკა ბირეტსზე, მაგრამ ამ სიის სათავეში ოთარ კიტეიშვილი იმყოფება. ქართველი ნახევარმცველის მიმართ გერმანული და ასევე სხვადასხვა ქვეყნების კლუბები ინტერესდებიან. მაგრამ ავსტრიულ კლუბს ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია“. - წერს ავსტრიული გამოცემა.
Crystalsport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კიტეიშვილი არსებულ ვითარებას კარგად აწონ-დაწონის. ის ამ მოცემულობას ასე უდგება: დამწყები ფეხბურთელი აღარ არის, ასაკშია. სიტუაციას დინჯად განიხილავს და წავა ისეთ გუნდში სადაც უღირს, სადაც სპორტული პროექტი და ფინანსური მხარე საინტერესო იქნება. საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაზე. მოკლე ვადიან ვარიანტებს არ განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის კიტეიშვილის კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში. ქართველი, რომელიც გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„შტურმი“ ბუნდესლიგაში 16 ტურის შემდეგ 36 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. კიტეიშვილის გუნდი 2025 წელს 21 იანვარს ჩემპიონთა ლიგით დაიწყებს და სტუმრად ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.