ტურამი რასიზმზე: თეთრკანიანი ფეხბურთელების დუმილი სამწუხარო ფაქტია
ტურინის „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლილიან ტურამმა რასიზმთან დაკავშირებულ პრობლემებზე ილაპარაკა.
მისი თქმით, როდესაც ფერადკანიანი მოთამაშე რასიზმის გამოვლინებაზე იწყებს ლაპარაკს, მას ურჩევენ, რომ დამშვიდდეს.
„მას მოედნიდან გასვლა უნდა, მაგრამ მისი თანაგუნდელები და სხვა კლუბის ფეხბურთელები ეუბნებიან: „დაწყნარდი, არ გახვიდე მოედნიდან“. ის გრძნობს, რომ თავს ესხმიან და ძალიან ნერვიულობს. ბოლოს კი მსაჯი მას ყვითელს აჩვენებს, რომ დაწყნარდეს. ასეთია რეალობა. ეს იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ადამიანს, რომელიც რასიზმს განიცდის, საბოლოოდ, ამაზე ლაპარაკი არ უნდა. თეთრკანიანი ფეხბურთელების დუმილი ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - თქვა ტურამმა.
შეგახსენებთ, რომ ტურამს საფრანგეთის ნაკრების მაისურით 142 მატჩი აქვს ჩატარებული. იგი მსოფლიო ჩემპიონია და „მამლების“ რიგებში 2 გოლი აქვს გატანილი.