გალათასარაის ინტერესი | ბოლო ცნობები მიქაუტაძეზე
გიორგი მიქაუტაძე რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იმყოფება. „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველ ფეხბურთელს შეელიოს. ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც მიქაუტაძეს აქტიურად უკავშირებენ, „გალათასარაია“ და ამ თემაზე, თურქულ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
ქაგან დურსუნის მიხედვით, „ლიონი“ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რომლიდანაც 15 სურს, ტრანსფერის დახურვისთანავე მიიღოს. „გალას“ წინადადება 18 მილიონის ოდენობის იყო, რომლიდანაც თურქები ზამთარში 10 მილიონს იხდიდნენ. ამასთან, კლუბები შეთანხმდნენ, რომ „გალათასარაის“ ჩემპიონობის ან ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, „ლიონი“ ბონუსებს მიიღებს.
კიდევ ერთი თურქი ჟურნალისტის, იაკუპ ჯინარის ინფორმაციით, მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, ვისი გადაბირებაც გუნდის თავკაცს, ოკან ბურუკს ყველაზე მეტად სურს. ქართველი ფეხბურთელის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, თუმცა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა.