„მატჩის გმირი იყო“ | როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა კვერნაძის თამაშს
იტალიის სერია B-ს მე-19 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
Tuttofrosinone: „Kvernadze on fire. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, გოლი და ასისტი მიითვალა და მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ იმოქმედა“.
Calciofrosinone: „სუპერ კვერნაძემ ფროზინონეს გამარჯვება მოუტანა. ქართველი ფეხბურთელი მატჩის გმირი იყო და შესანიშნავი თამაში აჩვენა“.
Tuttomercatoweb: „შემოვიდა და თამაშის სცენარი შეცვალა. სალერნიტანამ ხალიჩა დაუგო და კვერნაძემ, 40-მეტრიანი სოლორეიდის შემდეგ, ანგარიში 1:0 გახადა, შემდეგ კი სუპერ ასისტით ამბროზინოს გაატანინა“.
Frosinonetoday: „კვერნაძის შოუ. მისი შემოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჯერ საკუთარი საჯარიმოდან დაწყებული სოლორეიდი გოლით დააგვირგვინა, შემდეგ კი ამბროზინოს გაატანინა".
ცნობისთვის, კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი მეორე ასისტი გაიფორმა. მის გუნდს 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. „ფროზინონე“ მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს, „იუვე სტაბიას“ წინააღმდეგ გამართავს.