კომერციული თილისმა - დიბალამ რომას რეკორდი მოხსნა
წლევანდელი სეზონი „რომას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია - ჩვიდმეტი ტურის შემდეგ დედაქალაქური კლუბი 19 ქულით მეათე პოზიციაზეა და დღესავით ნათელია, რომ ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. მძიმე სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ფინანსური თვალსაზრისით „ჯალოროსოს“ საქმეები არც ისე ცუდად მიდის, რაც უპირველეს ყოვლისა რომაული გუნდის არგენტინელი ლიდერის, პაულო დიბალას დამსახურებაა.
ავტორიტეტული იტალიური ვებ-გვერდის, Corriere Dello Sport-ის ცნობით, 2023-2024 წლებში „რომამ“ გუნდის 131 ათასი მაისური გაყიდა, რითაც 13 მილიონი ევრო გამოიმუშავა. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ რეალიზებული სათამაშო ეკიპირების ფორმების 70 პროცენტი დიბალასია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური მოგების 70 პროცენტი, ანუ 9 მილიონი ევრო „მგლებს“ პირადად არგენტინელმა ფეხბურთელმა მოუტანა.
დიბალას ასპარეზობაზე კომენტარი „რომას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ 31 წლის სამხრეთ ამერიკელი იმ მოთამაშეების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ერთი დარტყმითა თუ მოძრაობით ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.