„ძალიან მოგვწონს და 3 წელია ვაკვირდებით“ - გალათასარაის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
„გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოკან ბურუკმა თურქულ მედიასთან საუბრისას გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და მედიაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა. ბურუკმა განაცხადა, რომ თურქული კლუბი მიქაუტაძეს უკვე სამი წელია აკვირდება.
რას ამბობს ბურუკი:
„მიქაუტაძე ძალიან მოგვწონს. შეთავაზების შესახებ მე არაფერი ვიცი, მაგრამ მას სამი წელია ვაკვირდებით. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ახლა რომელიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებას ნომერ პირველ პრიორიტეტად ვერ დავაყენებთ. მიქაუტაძესთან რაიმე სახის საუბარი არ მქონია. თუ შეხედავთ, 20-30 ფეხბურთელია, რომელსაც ვაკვირდებით, მაგრამ არც ერთ მათგანთან საუბარი არ მქონია“.
თურქულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „გალათასარაიმ“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ლიონს“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, თუმცა, ფრანგულმა კლუბმა ოკან ბურუკის გუნდი უარით გაისტუმრა. ამის შესახებ გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომაც დაწერა.
პარალელურად, დღეს, ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გალათასარაის“ გარდა ქარტველი შემტევის შეძენით „ევერტონი“ და ლევერკუზენის „ბაიერიც“ არიან დაინტერესებულები.