სად წავა დე ბრუინი - ახალი ვარიანტი ბელგიელისთვის
შექმნილი მძიმე სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მანჩესტერ სიტი“ სერიოზულ აქტიურობას გეგმავს. ვითარების სირთულეს ცხადყოფს პეპ გუარდიოლას მიერ ერთ-ერთ პრეს კონფერენციაზე ნათქვამი სიტყვები, რომლის მიხედვითაც მას ახალი მოთამაშეების დამატებას კლუბის ფეხბურთელებიც სთხოვენ. თუმცა, შესაძლოა წამსვლელიც ბევრი იყოს და მათ შორის მოიაზრება კევინ დე ბრუინი, რომელიც წელს ძველებური შედეგიანობით ვეღარ გამოირჩევა.
ავტორიტეტული თურქული გამოცემა Fanatik-ის ცნობით, 33 წლის ბელგიელი ნახევარმცველის დამატებით სერიოზულად ინტერესდება „ფენერბაჰჩე“ და სულ მალე მანჩესტერელებს ოფიციალური წინადადებით მიმართავს. სტამბოლელები მზად არიან დე ბრუინი იანვარში გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაიმატონ, თუმცა განიხილავენ მასთან კონტრაქტის ზაფხულში გაფორმების ვარიანტსაც, როდესაც ვეტერანი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდება და მისი დამატება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.
მხარეების მზაობის მიუხედავად, ძნელად წარმოსადგენია დე ბრუინმა „ფენერბაჰჩეში“ თამაში მოისურვოს, რადგან თურქეთის გრანდს ის ჟოზე მოურინიო ამზადებს, რომელიც თავის დროზე მისი „ჩელსიდან“ გაშვების მთავარი ინიციატორი იყო.