გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

წლის ბოლო რეიტინგი - რომელ ადგილზე დაასრულეს ძიუდოისტებმა 2024 წელი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, თუ რომელ ადგილზე დაასრულეს წელი ქართველმა ძიუდოისტებმა.

-60 კგ. - საქართველოში ამ წონის ლიდერი 21 წლის გიორგი სარდალაშვილია. ახალგაზრდა ძიუდოისტმა მაისში, აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. სარდალაშვილმა წელი მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილზე დაასრულა, წონის ლიდერი კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე გახდა.

-66 კგ. - ამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობს, რომელმაც 2024 წელს, დიდ ტურნირებზე 2 მედალი მოიპოვა. მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, აპრილში კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. სამწუხაროდ, მარგველაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა. ქართველმა ძიუდოისტმა წელი მე-7 ადგილზე დაასრულა.

-73 კგ. - სამწუხაროდ, ეს წონითი კატეგორია ერთადერთია, სადაც ათეულში ქართველი ძიუდოისტი ვერ მოხვდა. ლაშა შავდათუაშვილმა წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა კი მედლის გარეშე დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილი წლის ბოლო რეიტინგში მე-14 ადგილზეა.

-81 კგ. - 2024 წელი წარმატებული იყო ტატო გრიგალაშვილისთვის. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, პარიზის ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. გრიგალაშვილმა 2024 წელი თავის წონაში პირველ ადგილზე დაასრულა.

-90 კგ. – 2024 წელი რეიტინგის სათავეში დაასრულა ლაშა ბექაურმაც. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა, პარიზის ოლიმპიადაზე კი ჩემპიონობა იზეიმა. ამავე წონის კიდევ ერთი ძიუდოისტმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ წელი მე-12 ადგილზე დაასრულა. 2024 წელს მაისურაძემ დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზა.

-100 კგ. - ამ წონაში საქართველოში წონის ლიდერი ილია სულამანიძეა. ქართველმა ფალავანმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და იგივე შედეგს ევროპის ჩემპიონატზეც მიაღწია. სულამანიძემ წელი მე-3 ადგილზე დაასრულა.

+100 კგ. - ჩვენი მძიმეწონოსანი, გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა, ქართველი ძიუდოისტის შედეგები დისკვალიფიკაციის გამო გაუქმებულია. თუშიშვილმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, პარიზის ოლიმპიადაზე კი ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

გოგონებიდან ყველაზე კარგი შედეგი ეთერ ლიპარტელიანს აქვს, რომელიც -57 კგ. წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. -63 წონაში ეთერ ასკილაშვილი 55-ე პოზიციას იკავებს, 82-ე ადგილზეა -70 კგ. წონით კატეგორიაში ნინო გულბანი, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კი 33-ე საფეხურზე იმყოფება.

2025 წელს პირველი პრესტიჟული ტურნირი პარიზში გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქი 1-2 თებერვალს ტრადიციულ გრანდ სლემს უმასპინძლებს. 21-23 მარტს გრანდ სლემი თბილისშიც გაიმართება. რაც შეეხება დიდ ტურნირებს, ევროპის ჩემპიონატი 23-27 აპრილს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართება, მსოფლიოს ჩემპიონატს კი 13-20 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები