სანამ გუარდიოლას გაუშვებენ - პრემიერ ლიგის სამწვრთნელო ცვლილებები
Boxing Day ინგლისის პრემიერ ლიგაში მუდამ განსაკუთრებული მოვლენაა, თუმცა „მანჩესტერ სიტი“ საშობაო დღესასწაულს ურთულეს მდგომარეობაში შეხვდა. უკანასკნელი 12 მატჩიდან „ქალაქელებმა“ 9 წააგეს, ანუ იმდენი, რამდენიც მანამდე გამართულ 108 შეხვედრაში, რაც მთლიანად კლუბისა და პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო კრიზისზე მეტყველებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბევრი საუბრობს მანჩესტერული კლუბის კატალონიელი მესაჭის გადაყენებაზე და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ინგლისის პირველობის წლევანდელ სეზონში რიგით მეხუთე სამწვრთნელო ცვლილება იქნება.
პირველი, რომელსაც კარისკენ მიუთითეს ერიკ ტენ ჰაგი იყო - ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 850 დღე იმუშავა, რაც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდგომ პერიოდში რიგით მესამე მაჩვენებელი იყო და მასზე მეტხანს პოსტი მხოლოდ ოლე გუნარ სოლსკიაერსა (969) და ჟოზე მოურინიოს (900) ეკავათ. ტენ ჰაგმა „მანკუნიანელებს“ ასოციაციისა და ლიგის თასები მოაგებინა, თუმცა მისი მომზადებული გუნდი წელს მეცხრე ტურის შემდეგ მეთოთხმეტე პოზიციაზე იყო, რაც კლუბის ხელმძღვანელებისთვის სრულიად საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რომ მასთან თანამშრომლობა შეეწყვიტათ.
ენცო მარესკას „ჩელსიში“ წასვლა როგორც მოსალოდნელი იყო „ლესტერისთვის“ აუნაზღაურებელი დანაკლისი აღმოჩნდა. იტალიელმა „მელიები“ გასულ სეზონში ელიტაში ამოიყვანა, თუმცა მისმა შემცვლელმა ისეთ დღეში ჩააგდო, რომ შესაძლოა გუნდი ისევ უკან, ჩემპიონშიპში დაბრუნდეს. მარესკას მაგივრად დანიშნული უელსელი სტივ კუპერის ხელმძღვანელობით გამართული თოთხმეტი მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ორი მოიგო, რის გამოც მას სრულიად სამართლიანად კარისკენ მიუთითეს და რუუდ ვან ნისტელროით ჩაანაცვლეს.
გარი ონილმა „ვულვზიში“ კარგად დაწყებული საქმე ცუდად დაასრულა - 2023 წლის ზაფხულში მან ჟულიენ ლოპეტეგი შეცვალა და სადებიუტო სეზონი „მგლებმა“ მართალია მე-14 ადგილზე დაასრულეს, მაგრამ გასავარდნ ზონას 20 ქულით გაუსწრეს. შარშანდელისგან განსხვავებით, წლევანდელ სეზონში „ვულვზის“ თამაშის ყურება საშინელი სანახავი იყო, რაზეც შედეგებიც კარგად მეტყველებდა - 16 ტური, 13 წაგება და ყველაზე მეტი 40 გაშვებული ბურთი. შედეგად ონილს პოსტის დატოვება მოუწია და მის ნაცვლად გუნდს ვიტორ პერეირა ამზადებს.
სრულიად ლოგიკურია ის ფაქტიც, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ადგილზე მყოფ „საუთჰემპტონს“ ის მწვრთნელი აღარ ამზადებს, რომელმაც სეზონი დააწყებინა. რასელ მარტინისთვის განსაკუთრებით მტკივნეული „ტოტენჰემთან“ მატჩი იყო, რომელსაც „წმინდანები“ პირველივე ტაიმში 5-ბურთიანი სხვაობით აგებდნენ. კლუბის შეფების გადაწყვეტილება გასაგებია მისი გაშვების ნაწილში, მაგრამ მისი შემცვლელის შერჩევის ასპექტში - ცოტა გაუგებარი. მარტინის ნაცვლად მისულმა ივან იურიჩმა „რომაში“ სულ რაღაც ორი თვე იმუშავა და რამდენად შეძლებს არსებული რთული მდგომარეობის გამოსწორებას, რთული სათქმელია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მწვრთნელთა რიგებს შესაძლოა პეპ გუარდიოლა შეუერთდეს, რომლის მომზადებულმა „სიტიმ“ 17 ტურში 27 ქულა დააგროვა და ასეთი ცუდი შედეგი გუნდს ბოლოს 15 წლის წინ ჰქონდა.