გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ინტერესი ინგლისიდან და გერმანიიდან | მიქაუტაძის რადარზე კიდევ 2 კლუბი გაჩნდა

ბოლო დღეებში, თურქულ და ფრანგულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, „გალათასარაი“ არის დაინტერესებული.

ამის შესახებ გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომაც დაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ „გალათასარაიმ“ ოფიციალური, 17-მილიონიანი შეთავაზებაც გააკეთა, რომელიც „ლიონმა“ უარით გაისტუმრა.

დღეს კი ცნობილი ფრანგული გამოცემა, Footmercato წერს, რომ „გალათასარაის“ გარდა, მიქაუტაძის შეძენით კიდევ ორი ევროპული გუნდი ინტერესდება. სააგენტო ამტკიცებს, რომ ქართველი შემტევის დამატება ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ ევერტონს და გერმანიის ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონს, ლევერკუზენის ბაიერს სურს.

Footmercato სხვა დამატებით ინფორმაციას მომდევნო დღეებში აანონსებს, თუმცა, სტატიის ავტორი წერს, რომ მიმდინარე სეზონში „ლიონი“ მიქაუტაძის გაშვებას არ განიხილავს და ქართველ შემტევზე სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, კლუბს ტრანსფერზე უარის თქმა გაუჭირდება.

გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაბრუნდა. მშობლიურ კლუბში დაბრუნება ქართველი შემტევისთვის მარტივი არ იყო, რაც მის შედეგებზე გამოიხატებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მიქაუტაძემ საგრძნობლად გამოასწორა თავისი მდგომარეობა და ახლა, „ლიონის“ დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვისაც იბრძვის.

საერთო ჯამში, გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები