ნახევარ საათში 100 ათასს ვშოულობ - ჯონსი დენას ემადლიერება
მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარული ჩემპიონი ჯონ ჯონსი მედიის წარმომადგენლებთან იშვიათად ჩნდება, მაგრამ როდესაც ინტერვიუს თანხმდება, მუდამ ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. გამონაკლისი ამჯერადაც არ მომხდარა, როდესაც ამერიკელი მებრძოლი ალექს გონსალესის Youtube-არხის სტუმარი იყო და ფულთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საინტერესო პასუხი გასცა.
რას ამბობს ჯონსი
ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ, ჩემმა უფროსმა დენა უაითმა განმიცხადა, რომ ფულთან დაკავშირებით პრობლემები არასოდეს შემექმნებოდა. საბედნიეროდ, ის მოცემულ სიტყვას ასრულებს და ამ მხრივ ძალიან ბედნიერად ვცხოვრობ.
ახლა კი ასეთი მოცემულობაა - რაც უფრო ნაკლებს ვფიქრობ ფულზე, მით უფრო მეტს ვშოულობ. ბოლო პერიოდში კუპიურები კალთაში ციდან მივარდება. რომელიმე წვეულებაზე ნახევარი საათით რომ გამოვჩნდე, 100 ათას დოლარს მაძლევენ და ასი ათასზე ნაკლები ანაზღაურების გარეშე სახლიდან გარეთ არ გავდივარ. ფული უბრალოდ ყველგანაა - მარცხნივ და მარჯვნივ, რის გამოც ღმერთის მადლიერი ვარ.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სამსახიობო საქმეში ძალების მოსინჯვა სურს. თუმცა, პარალელურად, მომდევნო ხუთ წელიწადში UFC-ში კიდევ ორი ბრძოლის ჩატარებას გეგმავს, რათა გარკვეული ფული კიდევ გამომუშავოს.