„ასე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვართ“ - თოფურიას მწვრთნელი წარმატების საიდუმლოზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ალდო მარტინესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს „მატადორის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია სპორტის ამ სახეობაში კიდევ ბევრს მიაღწევს.
რას ამბობს მარტინესი:
„ილიას თავის მაქსიმუმისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. რასაც ვხედავთ, ეს სანახაობრივია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ნამდვილად მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ ვითარდება ის ვარჯიშების დროს, ეს ეხება მის მოძრაობებს, სტილსა და რეფლექსებს. წარმოუდგენელია, როგორ შეამცირა მან დარტყმების მილიწამები და კონკურენციის ოპტიმალურ დონეს მიაღწია“.
„მან ბრწყინვალედ გაიუმჯობესა რეფლექსები და მხედველობითი რეაქცია. თავდაპირველად, ამაზე ტრადიციული მეთოდით ვვარჯიშობდით, როგორიცაა ბურთების სროლა, მაგრამ ახლა ეს მეთოდოლოგია განვითარდა და ტექნიკურ დონეზე ავიდა. ახლა განათების სისტემებისა და კონკრეტული ხელსაწყოების წყალობით, შეგვიძლია, რომ რეალურ დროში აღმოვაჩინოთ გასაუმჯობესებელი ადგილები. გვყავს ფიზიოთერაპევტი, რომელიც სპეციალიზებულია სპორტულ ოპტომეტრიაში, ის ყველაფერს სწორად ზომავს. ყველა მონაცემს ვაფასებთ, რადგან გვინდა, რომ ილიას ყოველთვის ჰქონდეს ოპტიმიზირებული შესრულება“.
„ბრძოლის წინ, ყოველთვის განვიხილავთ, რაც წარსულში გავაკეთეთ. ამას კარგად ვაანალიზებთ და შემდეგ გადავწყვეტთ, რა შეგვიძლია რომ გავაუმჯობესოთ და შევცვალოთ მომდევნო მოწინააღმდეგესთან დასაპირისპირებლად. თითოეული მეტოქე განსხვავებულია და მოითხოვს როგორც ტექნიკურ, ისე ტაქტიკურ კორექტირებას“.
„ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, წინასწარ დაწერილი და ორგანიზებულია. ყველა ინფორმაციას აუცილებლად ჩვენს სასარგებლოდ ვიყენებთ. ეს არის ის, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ და ბრძოლისშემდგომი პროგრესი გავაგრძელოთ“.
„ილიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. თუ ის ამ გზას გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელს საუკეთესო იქნება. ის, რასაც მან უკვე მიაღწია, შთამბეჭდავია, მაგრამ რასაც ახლა მიაღწევს, კიდევ უფრო უკეთესი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2024 წლის თებერვალში გახდა, როდესაც მან ამ წონის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა, შემდეგ კი ოქტომბერში, ჩემპიონის ქამარი კიდევ ერთი გამორჩეული მებრძოლის, მაქს ჰოლოუეის დანოკაუტების შემდეგ დაიცვა.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვინ იქნება „მატადორის“ მომდევნო მეტოქე. ჰოლოუეისთან გამარჯვების შემდეგ თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან რემატჩზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა, მოგვიანებით ქართველი მებრძოლის გუნდმა განაცხადა, რომ თოფურია წონის შეცვლას და მსუბუქ წონაში ასვლას განიხილავს, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.