შეთანხმება მიღწეულია - სალაჰის პირობები
მოლაპარაკებები, რომლებიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, სასურველი შედეგით დასრულდა. ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერის, ნიკოლო სკირას ცნობით, უახლოეს დღეებში „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ეგვიპტელთან თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივდება.
მედიის წარმომადგენლებს სალაჰის ხელფასზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ, რადგან მოლაპარაკებების პროცესში შეფერხებას არა მისი ანაზღაურება, არამედ კონტრაქტის ხანგრძლივობა ქმნიდა. დარჩენის შემთხვევაში, აფრიკელს სურდა მერსისაიდულ კლუბთან თანამშრომლობა 2029 წლამდე ყოფილიყო გაფორმებული, მაგრამ „ლივერპულში“ არსებული სატრანსფერო პოლიტიკის თანახმად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელთან მსგავსი ხანგრძლივობის ხელშეკრულება პრაქტიკულად არ ფორმდება. ასეთი სისტემის კონტრაქტი, 2+1 კი შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარისთვის კომპრომისული ვარიანტი იყო.
შეგახსენებთ, რომ სალაჰი ცოტა ხნის წინ გახდა უეინ რუნის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში რიგით მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ხუთ სეზონში შეძლო ჩემპიონატში მინიმუმ 10 ბურთის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება. წელს კი მას არაჩვეულებრივი სტატისტიკა აქვს და ყველა ტურნირზე გამართულ 25 მატჩში თავი 18 გოლითა და 15 საგოლე პასით გამოიჩინა.