ტომას მიულერი, სერხიო ბუსკეტსი, ფრანკ რიბერი, ჯორდან ჰენდერსონი, რობერტ პროსინეჩკი, დანიელ კარვახალი
Aa
Aa

ყველა დროის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელები | GiveMeSport-ის რეიტინგი

ცნობილი სპორტული გამოცემა GiveMeSport-ი ყველა დროის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელების რეიტინგს აქვეყნებს. როგორც გამოცემის ჟურნალისტი, მარკ სანდერსონი წერს, საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგები ყოველდღიურად ქვეყნდება და ერთი მატჩის მიხედვითაც შეიძლება შეიცვალოს.

„მწვრთნელებს და ფანებს ჰყავთ საკუთარი ფავორიტები, თუმცა ასევე არსებობს მესამე კატეგორია - ფეხბურთელები, რომლებსაც სათანადოდ არ აფასებენ და ვისი წვლილიც აღიარებაზე გაცილებით დიდია. წარმოგიდგენთ ისტორიაში 10 ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელის რეიტინგს“, - წერს გამოცემა.

10. რუდი ფიოლერი


გერმანელი ფორვარდი რუდი ფიოლერი საიმედო იყო როგორც კლუბებში (ვერდერი, რომა, მარსელი), ასევე გერმანიის ნაკრებშიც. 1986 წლის მუნდიალის ფინალში ის შეცვლაზე შევიდა და ანგარიში გაათანაბრა, მანამდე კი ნახევარფინალში საფრანგეთს გაუტანა. 4 წლის შემდეგ ფიოლერმა დიდი წვლილი შეიტანა „ბუნდესმანშაფტის“ ტრიუმფში, როდესაც ბეკენბაუერის გაწვრთნილმა გუნდმა იტალიაში გამართული მუნდიალი მოიგო. მაშინდელ ნაკრებში მთავარი ვარსკვლავი იურგენ კლინსმანი იყო, თუმცა ფიოლერის სანაკრებო სტატისტიკა საკმაოდ შთამბეჭდავია - 47 გოლი 90 მატჩში.

9. მაიკლ კერიკი


კერიკი იყო სანდო ფეხბურთელი, რომელიც მატჩის ტემპი მიჰყავდა, და ის ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. მან დაამტკიცა, რომ დიდ კლუბში თამაში შეუძლია, როდესაც „იუნაიტედთან“ ერთად 5-ჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა, ამას არ მოჰყოლია იმდენი სანაკრებო თამაში, რამდენსაც მაიკლი იმსახურებდა. საფეხბურთო ექსპერტების მხრიდან არასაკმარისი აღიარების მიუხედავად, კერიკს ძალიან აფასებდნენ მისი თანაგუნდელები. „იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს 2013 წელს, როდესაც „იუნაიტედმა“ უკანასკნელად მოიგო პრემიერლიგა.

8. გეორგე ჰაჯი


ჰაჯი 1990-იანი წლების რუმინეთის ნაკრების მშვენება იყო. მას უძლიერესი მარცხენა ფეხი ჰქონდა და ცაციების ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდებოდა. საინტერესოა, იქნებოდა თუ არა ის უფრო აღიარებული, ფრანგად ან იტალიელად რომ დაბადებულიყო. ჰაჯის მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთი მომენტით შეეძლო (და ეს გაუკეთებია კიდეც). 1994 წლის მუნდიალზე ჰაჯიმ კოლუმბიას 40 მეტრიდან გაუტანა და საერთაშორისო ასპარეზზე რუმინეთის ნაკრების თილისმა იყო.

7. სერხიო ბუსკეტსი


ბუსკეტსი „ბარსელონას“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად შეიძლება მიიჩნეოდეს, მაგრამ მას სათანადოდ მაინც არ აფასებენ. როდესაც ანალიტიკოსები და ჟურნალისტები „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების „ოქროს წლებზე“ საუბრობენ, ისინი ყოველთვის ახსენებენ ჩავის და ინიესტას, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩებათ ბუსკეტსი, თუმცა მისი წვლილი კლუბისა და ნაკრების წარმატებაში ისეთივე დიდი იყო. ბუსკეტსის თამაშის ყურებისას იფიქრებდი, რომ საყრდენად თამაში ძალიან მარტივია, მოედნის მცირე მონაკვეთზე ის ბურთთან შეუდარებელი იყო, ხოლო საკლუბო და სანაკრებო დონეზე მან ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

6. ფრანკ რიბერი


რიბერის მტკიცედ სჯერა, რომ 2013 წელს მას „ოქროს ბურთი“ უნდა მოეგო. ფრანგმა „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდო კი კრიშტიანუ რონალდუს ერგო. ბევრი ფიქრობს, რომ რიბერიმ მაღალ დონეზე მხოლოდ რამდენიმე სეზონი ჩაატარა, მაგრამ „ბაიერნში“ ფრანგი ყოველთვის გამორჩეული იყო. მართალია, რომ 2013 წელი მისთვის საუკეთესო იყო, როდესაც მან „რეკორდმაისტერს“ სამი ტიტული მოაგებინა, მაგრამ ეს იყო დრო, როდესაც კარიერის პიკზე მესი და რონალდუ იყვნენ.

5. რობერტ პროსინეჩკი


პროსინეჩკიმ იუგოსლავიის ნაკრებთან ერთად 1987 წელს 20 წლამდელთა მუნდიალი მოიგო, 1991 წელს კი „ცრვენა ზვეზდასთან“ ერთად - ჩემპიონთა ლიგა. ბურთთან საუცხოო თამაშით და სტანდარტების უბადლო შესრულებით პროსინეჩკიმ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ყურადღება მიიპყრო. მან „ბარსელონაშიც“ და „რეალშიც“ ითამაშა, თუმცა ლა ლიგაში მისი ნამდვილი ნიჭი ვერ გამოავლინა. საბედნიეროდ, ეს არ ეხება საერთაშორისო ასპარეზს - 1998 წლის მუნდიალზე ხორვატიამ ბრინჯაოს მედლები მოიგო, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კი სწორედ პროსინეჩკი იყო.

4. დანიელ კარვახალი


სანდო და საიმედო ფეხბურთელი - სწორედ ასე ახასიათებენ ფეხბურთელს, რომელსაც 6-ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. კარვახალი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენ მცველად მიიჩნევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამის არგუმენტად არა მისი თამაში, არამედ მოგებული ტიტულების რაოდენობა მოჰყავთ. „რეალის“ შემადგენლობაში ყოველთვის იყვნენ სუპერვარსკვლავები, ამიტომ ლოგიკურია, რომ მშრომელ ფეხბურთელებს ხშირად ნაკლები აღიარება ხვდებოდათ. თუმცა, როგორი ძლიერი შეტევაც არ უნდა ჰყავდეთ, ასევე ნათელია, რომ „რეალს“ ჰყავდა ძლიერი მცველებიც და ერთ-ერთი ასეთი კარვახალია.

3. ჯორდან ჰენდერსონი


არავინ ამბობს, რომ ჰენდერსონი ჯერარდზე უკეთესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჯორდანმა შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა სტივიმ - „ლივერპულს“ პრემიერლიგა მოაგებინა. ჰენდერსონის კაპიტნობით „წითლებმა“ 30 წლის განმავლობაში პირველი შიდა ტიტული მოიგეს. გარდა ამისა, იყო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც. ჰენდერსონმა ასწია ყველა შესაძლო ჯილდო, რაც კი საკლუბო დონეზე არსებობს. მის ანგარიშზეა უმნიშვნელოვანი სანაკრებო გოლებიც ევრო 2020-ის და 2022 წლის მუნდიალის პლეიოფში. ჰენდერსონს ყოველთვის ჰქონდა ლიდერის თვისებები, მაგრამ ის ძლიერი ფეხბურთელიც იყო.

2. ტომას მიულერი


მიულერი არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის 20 საუკეთესო ბომბარდირს შორისაა, მას ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში იმდენივე საგოლე გადაცემა აქვს, რამდენიც ჩავი ერნანდესს. ამ რაოდენობის გოლებისა და ასისტების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიულერს საფეხბურთო სამყაროში სათანადოდ არ აფასებენ. უფრო ნათელი რომ გახდეს, ვიტყვით, რომ მიულერს ჩემპიონთა ლიგაზე ინიესტაზე, ფაბრეგასსა და სუარესზე მეტი ასისტი აქვს, და ამავდროულად, ანრიზე, დროგბასა და ნეიმარზე მეტი გოლი. გარდა ამისა, ნაკრებთან ერთად 2014 წელს მიულერმა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

1.მიკაელ ლაუდრუპი


ლაუდრუპი დანიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ მას მაინც აკლია ის აღიარება, რომელსაც მისი ნიჭის პატრონი იმსახურებდა. ნაკრებში შესანიშნავი თამაშის გარდა, ლაუდრუპი ბრწყინავდა საკლუბო დონეზეც. მან დიდი წვლილი შეიტანა იოჰან კრუიფის „ბარსელონას“ წარმატებაში, რომელმაც 1992 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კრუიფთან კონფლიქტის შემდეგ ლაუდრუპი „რეალში“ გადავიდა, სადაც „სამეფო კლუბს“ 5 წელიწადში პირველად ლა ლიგა მოაგებინა. როგორც ფრანც ბეკენბაუერმა თქვა: „პელე საუკეთესო იყო 1960-იანებში, კრუიფი 1970-იანებში, მარადონა 1980-იანებში, ლაუდრუპი კი 1990-იანებში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი | პირველ ადგილზე როდრი გავიდა
The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი | პირველ ადგილზე როდრი გავიდა