გურამ ქუთათელაძე: მიუღებელია მოქალაქეების ცემა და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმა
მსუბუქ წონაში UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხება.
ქუთათელაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მე ვიყავი ჩემს სამშობლოში, ვნახე და განვიცადე ყველაფერი ჩემით და ამის მერე მინდა გამოვთქვა საკუთარი აზრი.
მე, როგორც ჩემი ქვეყნის ამაყი მოქალაქე და ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ერი და სამშობლო, ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგი ვარ და მტკივა ამ მძიმე განსაცდელის დანახვა.
პირადად მე ვიგრძენი ხალხის დიდი სიყვარული ჩემს სამშობლოში, მაგრამ მე არ ვარ არც ყრუ და არც ბრმა. მე ვგრძნობ, რომ ბევრმა დაკარგა საწყისი მოტივაცია და ამოძრავებთ ბოროტება და სიძულვილი ერთმანეთის მიმართ. ჩემი სამშობლო და ხალხი გაყოფილია ორ ნაწილად – ასე იყო ყოველთვის, ჩემი დაბადებიდან, მაგრამ ამჟამად განსხვავებული აზრი აქცევს მეგობარს და ოჯახის წევრს მტრად.
ჩემი მცირე 32 წლის ცხოვრების გამოცდილებიდან, ჩვენს ქვეყანაში ომი და კონფლიქტებია. დედამ გამაჩინა, იანვრის ბნელ და ცივ ღამეს, როცა ფანჯრებს ტყვიებს ესროდნენ. 2008 წელს, 16 წლის ასაკში სახლიდან გავიპარე ჩემი დანების კოლექციით (ბავშვურად არც ვიცოდი სად წავსულიყავი), რომ დამეცვა ჩემი სამშობლო და ოჯახი, მაგრამ მამამ მომისწრო და შინ მომაბრუნა. 2009 წელს, მე და მთელი ქვეყანა ვიდექით ქუჩაში მხარ და მხარ ჩვენი უფლებების დასაცავად იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც შელახა მოქალაქეების ღირსება.
მე ვარ სპორტსმენი და წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და კულტურას, ყველგან სადაც ვარ, მათ შორის ყველაზე დიდ არენაზე მსოფლიოში. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ გამაჩნია საკუთარი აზრი, როგორც ადამიანს და ჩემი დამოუკიდებელი საქართველოს რიგით მოქალაქეს. უპირველეს ყოვლისა, ვინც არ უნდა ვიყოთ, რა საქმიანობას ვეწეოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულების და რელიგიური კუთვნილების – უნდა ვიყოთ ადამიანები. ეს იმას ნიშნავს, ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს საკუთარ აზრზე, გამონათქვამზე, მოქმედებაზე.
ჩემი არსებით დაუშვებელია ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოსმენა, რომელიც ამჟამად გვესმის ყველა მხრიდან. მიუღებელია მოქალაქეების ცემა და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმა. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარეს ამოძრავებს მხოლოდ სამშობლოს სიყვარული და კეთილი მომავლის სურვილი. თუ ყველას მიზანი ერთია, მჯერა, რომ ძლიერი, ერთიანი საქართველო ჩვენი მომავალია“.
View this post on Instagram
ბოლო დღეებში ქუთათელაძე თბილისში UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის დაღესტნელ მებრძოლთან ხამზატ ჩიმაევთან ერთად იმყოფებოდა, რომელთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებს. სოციალურ ქსელში მათ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც გურამმა დღევანდელი პოსტით უპასუხა.
View this post on Instagram