იუვენტუსს გაძლიერება სჭირდება - Football Italia სატრანსფერო გეგმებზე წერს
იტალიური გამოცემა Football Italia ტურინის იუვენტუსის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გეგმებზე წერს.
Football Italia:
„იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იუვენტუსი სერია ა-ში ყველაზე დატვირთული კლუბი იქნება, რადგან ბიანკონერის ტრავმების ფონზე მნიშვნელოვანი გაძლიერება სჭირდება, განსაკუთრებით შეტევასა და დაცვაში.
ტურინელებს იანვარში მინიმუმ ერთი ახალი ცენტრალური მცველი სჭირდებათ, რადგან გლეისონ ბრემერმა და ხუან კაბალმა მუხლის ტრავმები მიიღეს. მათთვის დიდი ალბათობით ეს სეზონი დასრულებულია.
ბებერ ქალბატონს არაერთ მცველს უკავშირებდნენ, მათ შორის დევიდ ჰანკოს, იაკუბ კივიორს და მილან შკრინიარს. ტიაგო მოტას მრავალმხრივი მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველი სჭირდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარცხენა მცველადაც ითამაშებს.
ჰანკო ძვირადღირებული შენაძენი იქნება, რადგან ფეიენოორდი მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვს. შკრინიარს პსჟ-ს დატოვება იჯარის წესით შეუძლია, მაგრამ ის მემარცხენე არ არის და მარცხენა მცველის ფუნქციებს ვერ შეითავსებს.
ტიაგო მოტას შეტევაზე ფიქრიც სჭირდება, რადგან მილიკის დაბრუნების თარიღი უცნობია. პოლონელი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში არ გინახავს, ვლაჰოვიჩს კი შემცვლელი სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ხანდახან მაინც შეძლოს დასვენება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუკეთესო კანდიდატები რანდალ კოლო მუანი და ჯოშუა ზირკზე არიან, რომლებსაც საკუთარ კლუბებში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევათ.
შეგახსენებთ, რომ გაუთავებელი ტრავმების ფონზე, ბებერმა ქალბატონმა ბევრი ქულა დაკარგა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება. ამ მომენტისთვის, მოტას გუნდს სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 31 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. ლიდერ ატალანტას კი 9 ქულით ჩამორჩება.