შეტევის გაძლიერება სურს - კომპანიმ ნიკო უილიამსის ტრანსფერი მოითხოვა
ვენსან კომპანი საკუთარი გუნდის გარემარბების თამაშით უკმაყოფილოა და მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აღნიშნული პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს და წერს, რომ რეკორდმაისტერის მთავარი სამიზნე ნიკო უილიამსი იქნება. სატრანსფერო ღირებულებად 60-70 მილიონი ევრო სახელდება.
ასევე, ესპანელი გარემარბის ტრანსფერი ლეროი სანეს, კინგსლი კომანის, სერჟ გნაბრის და ბრიან სარაგოსას კონტრაქტებზე იქნება დამოკიდებული. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ბაიერნი ერთს უნდა შეელიოს.
ამის პარალელურად, მიუნხენურ გრანდს პრობლემას ბარსელონაც შეუქმნის, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნიკოს ყიდვას აქტიურად ცდილობდა, თუმცა ევრო 2024-ის ჩემპიონმა ბილბაოს ატლეტიკში დარჩენა გადაწყვიტა.
პლეტენბერგის ცნობით, 2025 წლის ზაფხულში ბლაუგრანა კვლავ იაქტიურებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ბაიერნს უფრო მეტი ფული ექნება, ვიდრე ბარსას.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ნიკო უილიამსმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.