El Espanol: ნადალი და ინიესტა წავიდნენ, მაგრამ ესპანეთს თოფურია ჰყავს
ესპანური გამოცემა El Espanol-ი წლის შედეგებს აჯამებს და სხვა სპორტსმენებთან ერთად, ესპანელ-ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას შესახებ წერს.
რას წერია სტატიაში:
„2024 წელს კარიერა ესპანური სპორტის რამდენიმე ლეგენდამ დაასრულა - ჩოგბურთელი რაფა ნადალი, კალათბურთელები რუდი ფერნანდესი და სერხიო როდრიგესი, ფეხბურთელები ხესუს ნავასი და ანდრეს ინიესტა, მძლეოსანი ალვარო მარტინი, ქვიშის ფრენბურთელები ლილიანა ფერნანდესი და ალვარო ჰერერა.
თუმცა, ესპანური სპორტის გულშემატკივრებს 2024 წელი მხოლოდ ამით არ დაამახსოვრდებათ - ჰორიზონტზე ახალი ვარსკვლავები ჩნდება, რომელთაგან ერთი ისტორიას წერს მსოფლიოში სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სახეობაში - MMA-ში.
ფენომენალურმა ილია თოფურიამ და მისმა ორმა ისტორიულმა მოგებამ (ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ და ქამრის დაცვამ) მოიტანა წარმატება, რომელიც ესპანეთს აქამდე სპორტის ამ სახეობაში არასოდეს ჰქონია. მეორე რაუნდში ალექს ვოლკანოვსკის დანოკაუტებით ილიამ თავისი სახელი მთელ მსოფლიოს გააცნო, ესპანეთში კი MMA-ის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. ახალგაზრდა თაობისთვის „ელ მატადორი“ ახალ კერპად იქცა. ოქტომბერში ილიამ აბუ-დაბიში მაქს ჰოლოუეიც დაანოკაუტა და კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია. ახლა თოფურიას წინაშე ახალი გამოწვევა დგას: UFC-ის ღონისძიების ესპანეთში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართვა“, - წერს გამოცემა.