გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი, პიერ საჟი
Aa
Aa

„ვნანობ, რომ ჟორჟი პსჟ-სთან შევცვალე“ - პიერ საჟმა შეცდომა აღიარა

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა კლუბის ოფიციალურ არხთან საუბრისას გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 56 წლის სპეციალისტი პსჟ-სა და „ლიონის“ მატჩსაც შეეხო და განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძის გაყვანით შესაძლოა, შეცდომა დაუშვა.

რას ამბობს საჟი:

„ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე გუნდის ფეხბურთელებთან ურთიერთობაა, ეს ჯანსაღი პროცესია და დადებით ემოციებს მაძლევს, თანაც თუ გავითვალისწინებთ მოთამაშეების რაოდენობასაც. ყველა სამაგალითო ადამიანია. თავიდან წარუმატებელი სტარტი გვქონდა და მეგონა, რომ პრობლემის მართვა და გამოსწორება ბევრად რთული იქნებოდა, მაგრამ მთელმა გუნდმა ერთიანად შევძელით ამ სიტუაციის დაძლევა, ამაში ყველა იყო ჩართული - ფეხბურთელები, პერსონალი... ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა. ახლა კი ამ დადებითი კლიმატის შენარჩუნებაა საჭირო, ასე უნდა გავაგრძელოთ“.

„პსჟ-სთან მატჩი? ვფიქრობ, მთავარი შეცდომა შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძის შეცვლა იყო. ჟორჟს შეეძლო ამ მატჩის გაგრძელება, ის კარგად თამაშობდა და მეტოქეზე ზეწოლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდა“.

„ლაკაზეტი-მიქაუტაძის წყვილი? ორივე ძალიან გვჭირდება, ეს ეხება როგორც ერთად თამაშს, ისე ცალ-ცალკე. დროდადრო მათ ერთადაც მოუწევთ თამაში. კიდევ გავიმეორებ, ვნანობ პსჟ-სთან მიღებულ გადაწყვეტილებას, ალბათ, ეს ერთ-ერთი კარგი ვარიანტი იქნებოდა, რომ მათ ერთად ეთამაშათ“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე პსჟ-სთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გოლის გატანაც შეძლო, რითაც ანგარიში 2:1 გახადა. ქართველმა შემტევმა „ლიონის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ მიქაუტაძე დეკემბერში „ლიონის“ საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა