გატი: 2022-ის მსოფლიო მარტინესმა მოიგო, ნაკრებში კი საუკეთესო დი მარიაა
მესის მიმართ კრიტიკული შეხედულებებით გამორჩეული ვეტერანი არგენტინელი მეკარე უგო გატი, Le Nacional-თან ინტერვიუში ამბობს, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ემილიანო მარტინესი „ალბისელესტეს“ რიგებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო.
გარდა ამისა, გატის აზრით, ანხელ დი მარია ნაკრებში ყოველთვის მესიზე მაღლა იდგა.
- დარწმუნებული ხარ, რომ „დიბუ" მარტინესი არგენტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე?
„დიახ, და დიდი სხვაობით. ყველა არგენტინელმა ფეხბურთელმა მას მადლობა უნდა გადაუხადოს. ეს სიმართლეა. მან ყველაფერი მოიგო. ეს მაღალი, ჯანმრთელი ბიჭი არის მოქნილი და ძლიერი. 20 წლის მოთამაშესავით მოძრაობს.
არ ვიცი კარგი ბიჭია თუ არა პიროვნულად. მან უკვე გადააჭარბა თავის თავს და მოლოდინებს. ახლა დადგება მძიმე დრო და სწორედ მაშინ მინდა მას დავაკვირდე. მაგრამ მისი ემოციური სტაბილურობა ზუსტად მისი ერთ-ერთი უპირატესობაა.
ის პენალტებშიც ძალიან ძლიერია, თუმცა ეს მაინც იღბალზეა დამოკიდებული“.
- სხვა ვინმე მოგეწონათ?
„კუტი“ (კრისტიან რომერო) მომეწონა. ოტამენდიც მომეწონა. მაკ ალისტერი ძალიან ჭკვიანია. მამამისი მოსაწყენი, მაგრამ სასარგებლო მოთამაშე იყო.
ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე კი საუკეთესო ის არის, ვინც უკვე პენსიაზე გავიდა: ანხელ დი მარია. როცა ყველა საყვედურობდა მას, მე ყოველთვის ვიცავდი. მესი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, რადგან დი მარიამ მას ყველა საგოლე მომენტი შეუქმნა“,
- განაცხადა გატიმ.