გულიაშვილმა სარაევოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი გულიაშვილმა, რომელიც „სარაევოს“ ღირსებას იცავს, ბოსნიურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
გულიაშვილისა და „სარაევოს“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.
როგორც ბოსნიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, გულიაშვილის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბმა გამოხატა, თუმცა ქართველი ფორვარდი თავის მომავალს „სარაევოში“ ხედავს.
გიორგი გულიაშვილი:
„ჩემთვის დიდი პატივია ასეთ განსაკუთრებულ კლუბში ჩემი კარიერის გაგრძელება. მადლობას ვუხდი კლუბს ნდობისთვის. გპირდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯები და კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ საკუთარ თავზე“.
„სარაევოს“ თავკაცი ზორან ზეკიჩი:
„მოხარული ვარ, რომ გულიაშვილი ჩვენთან რჩება. ჩვენ ამბიციური გუნდი გვყავს და გამარჯვებებისკენ მიმავალ სწორ გზაზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ გულიაშვილი და სხვა ფეხბურთელები ერთად დიდ წვლილს შეიტანენ გაზაფხულზე „სარაევოს“ წარმატებებში“.
„ჩემპიონატის განვლილი ნაწილის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან თანამშრომლობის გახანგრძლივება მიმართულია კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნაზე, რომელმაც უმაღლეს დონეზე უნდა იბრძოლოს“, - წერს „სარაევოს“ ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „სარაევოში“ 2022 წლიდან ირიცხება და ამ დრომდე, ბოსნიური გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 34 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.