დაპირისპირება პორზინგისთან და გაძევება | გოგას ორლანდომ მოქმედ ჩემპიონს მოუგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი მოქმედ ჩემპიონს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა და მრისხანე მეტოქე პაოლო ბანკეროს, ფრანც ვაგნერისა და მო ვაგნერის გარეშე დაამარცხა - 108:104.
ბითაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 21 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. მეოთხე მეოთხედში, გოგას „ბოსტონის“ კალათბურთელთან, კრისტაპს პორზინგისთან მცირე ინციდენტი მოუვიდა და მომენტის გადამოწმების შემდეგ, მსაჯებმა ქართველი ცენტრი, მეტოქის ყელთან კონტაქტის გამო, პარკეტიდან გააძევეს.
Goga Bitadze ejected for a shove to the throat of Kristaps Porzingis as the latter was exchanging words with Jalen Suggs. pic.twitter.com/jYgSaX30bt
— Bobby Krivitsky (@BobbyKrivitsky) December 24, 2024
ბითაძეს მორიგი ორმაგი დუბლის გაფორმებამდე ცოტა დააკლდა და 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა გაიფორმა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და მის პასივში ამდენივე დაკარგვა იყო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა ტრისტან და სილვამ დააგროვა. ტრეველინ ქუინს 17 ქულა ჰქონდა, ჯეილენ საგსს - 16. „ბოსტონის“ რიგებში, რომელმაც ჯეისონ ტეიტუმის გარეშე იასპარეზა, საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო - 35 ქულა, 9 მოხსნა. პორზინგისმა და დერიკ უაითმა 17-17 ქულა გააკეთეს.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 19 მოგება და 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „მაიამი ჰიტია“, რომელსაც ბითაძე და კომპანია 27 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.