გარემარბების სამკაციან სიაში - ბარსა კვარას აკვირდება
კატალონიური გამოცემა Sport-ი ინფორმაციით, „ბარსელონა“ ზაფხულში მარცხენა გარემარბის შეძენას გეგმავს. პრიორიტეტულია ისეთი ფეხბურთელის დამატება, რომელსაც გოლების გატანა და მეტოქის კარისთვის საფრთხის შექმნაში ლამინ იამალისთვის დახმარების გაწევა შეეძლება.
კატალონიური მედიის ცნობით, სატრანსფერო ბაზარზე „ბლაუგრანა“ რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება და კლუბის სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე შესაძლო კანდიდატების სამკაციანი სიაც შეადგინა. ამ სიაში არიან ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), რაფაელ ლეაუ („მილანი“) და მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“), თუმცა სამივე ფეხბურთელში კატალონიელებს მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევთ.
Sport-ი ასევე წერს, რომ ამ ეტაპზე „ბარსელონა“ სამივე ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და სიტუაციას აკვირდება. არანაირი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არაა და დიდი მნიშვნელობაა „ბლაუგრანას“ ფინანსურ მდგომარეობას ექნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან. იტალიური მედია წერს, რომ მხარეებმა გამოსასყიდთან დაკავშირებით გამოსავალი იპოვეს და უახლოეს მომავალში კვარა „პარტენოპეისთან“ კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რაშფორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მანჩესტერში“ სათამაშო დროის სიმცირის გამო „ახალი გამოწვევა“ სურს. რაც შეეხება ლეაუს, მილანური პრესა მას ხშირად ინერტულობისა და არასაკმარისი მოტივაციის გამო აკრიტიკებს.