მორიგი აღიარება - ბუდუ მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Sofascore-ის ვერსიით, ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მონაცემები პორტალზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, სადაც ქართველ შემტევს მე-17 ტურში ყველა გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასებაც აქვს მიღებული.
ამასთან, ბუდუ ზივზივაძე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. საერთო ჯამში, 30 წლის ფეხბურთელმა 9.0-ქულიანი შეფასება მიიღო.
ზივზივაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბუნდესლიგა 2-ის ოფიციალურ გვერდზეც იბრძვის, ხმის მიცემა კი ამ ბმულის მეშვეობით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ბუდუმ მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში „პადერბორნის“ წინააღმდეგ ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი გოლიც გაიტანა, მისმა გუნდმა კი 2:1 გაიმარჯვა.
ბუდუ ჩემპიონატის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს და გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 17 შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ყველა ტურნირზე კი ჯამში მისი შედეგები ასე გამოიყურება: 20 მატჩი, 14 გოლი, 5 საგოლე გადაცემა.