ინტერესი იტალიიდან - მექვაბიშვილი სერია A-ში ითამაშებს?
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატის გუნდ „ჯენოაში“ გააგრძელოს. ინფორმაციას კლუბთან დაახლოებული სააგენტო Calcio Genoa ავრცელებს.
სააგენტოს ჟურნალისტმა სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ „ჯენოაში“ მექვაბიშვილის ტრანსფერით პირადად კლუბის ახალი რუმინელი მფლობელი, დენ შუკუ არის დაინტერესებული, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში რუმინეთში მოღვაწეობდა და ადგილობრივ საფეხბურთო ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩართული.
„ახალგაზრდა ქართველი კლუბისთვის ხელმისაწვდომი ღირებულებისაა. ის რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს და ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ის თავისი პროფილით შესაძლოა, იტალიური კლუბისთვის შესაფერისი ვარიანტი იყოს“, - ნათქვამია Calcio Genoa-ს სტატიაში.
ანზორ მექვაბიშვილი „კრაიოვას“ 2023 წელს თბილისის „დინამოდან“ 750 ათასი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და დღემდე, რუმინული კლუბის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.