„ისლამთან გამარჯვების შემდეგ საქართველოში წავალ და...“ - არმან ცარუკიანი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის კანდიდატმა, არმან ცარუკიანმა უპასუხა კითხვას, თუ რას გააკეთებს ისლამ მახაჩევთან გამარჯვების შემდეგ.
რა თქვა ცარუკიანმა:
„პირველ რიგში, იმ ადგილს მოვინახულებ, სადაც დავიბადე - ეს საქართველოა, მე იქ დავიბადე. შემდეგ, საქართველოსთან სომხეთში გადავალ, შემდეგ კი რუსეთში, ჩემი სახლი რუსეთშია, მაგრამ ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რას გავაკეთებ და სად წავალ საჩემპიონო ქამრით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ პირველი, რასაც გავაკეთებ, გამარჯვებას ჩემს ხალხთან ერთად, კარგ სომხურ რესტორანში აღვნიშნავ“.
ცნობისთვის, არმან ცარუკიანი საქართველოს ქალაქ ახალქალაქში დაიბადა და არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ნათესავები ამ დრომდე აქ ცხოვრობენ.
მანამდე, არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ ის ბრძოლისთვის მერაბ დვალიშვილთან ერთადაც მოემზადება, რათა ქართველმა და სომეხმა მებრძოლებმა ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის წარმომადგენლები ერთად დაამარცხონ.
არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლა 19 იანვარს, UFC 311-ზე შედგება. ამავე დღეს, ჩემპიონის ქამარს მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.