მამარდა უმწვრთნელოდ დარჩა - ვალენსიამ ბარახა გაათავისუფლა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუბენ ბარახა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რა წერია ვალენსიას განცხადებაში:
„ვალენსიამ გადაწყვიტა, რომ რუბენ ბარახას პირველ გუნდში მოღვაწეობის პერიოდი დაასრულოს. კლუბს სურს მადლობა გადაუხადოს მას გაწეული სამუშაოსთვის, ერთგულებისთვის და იმ ენთუზიაზმისთვის, რომელიც პირველიდან ბოლო დღემდე გამოიჩინა.
ბარახა ვალენსიას ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ლეგენდაა. 2023 წლის თებერვალში გუნდში დანიშვნის შემდეგ, მან ხელი შეუწყო გუნდის სტაბილიზაციას და რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში დაეხმარა. გასულ წელს კი კონკურენტული ღირებულებების განხორციელებაში თავისი წვლილი შეიტანა, რამაც ვალენსია პრაქტიკულად ბოლო ტურამდე ევროტურნირების პოზიციებისთვის ბრძოლას მიაახლოვა.
ამ სეზონის შედეგების დინამიკა მოითხოვდა გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ძალიან რთული იყო, მაგრამ ეს მიზნად ისახავს სიტუაციის შეცვლას და უკეთესი შედეგების მიღწევას.
ვალენსია რუბენ ბარახას სამომავლოდ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას უსურვებს“.
Comunicado oficial | @RubenBaraja
— Valencia CF (@valenciacf) December 23, 2024
???? https://t.co/SEFW8mj87k
Gràcies, Pipo! pic.twitter.com/TCtyWp5um3
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება ახალი მთავარი მწვრთნელი. ამასთან დაკავშირებით კლუბი განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
19 ტურის შემდეგ, ვალენსიას ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 2 მოგება, 6 ფრე და 9 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 12 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს. გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2025 წლის 3 იანვარს, საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.