„სწორი დამოკიდებულება აქვს“ | რას ამბობს სიდნი გოვუ მიქაუტაძეზე
„ლიონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სიდნი გოვუმ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. 45 წლის ფრანგმა „ლიონში“, თავდამსხმელის პოზიციაზე არსებულ კონკურენციაზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში მიქაუტაძის დაყენება ნაადრევია.
„ყველა ხედავს, რომ მიქაუტაძე კარგად თამაშობს. გიორგი და გუნდის კაპიტანი, ალექსანდრ ლაკაზეტი ერთსა და იმავე პოზიციაზე ასპარეზობენ და ლაკაზეტისთვის ადგილის წართმევა რთულია, თუმცა, ვფიქრობ, მიქაუტაძეს სწორი დამოკიდებულება და აზროვნება აქვს.
მომწონს, როცა ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მოედანზე გასვლით ბედნიერია და გოლი გააქვს. ჩემი აზრით, ეს სიმტკიცის ნიშანია და იდეალური დამოკიდებულებაა. ზოგიერთი ფეხბურთელი საკუთარ თავს უფლებას მისცემდა, მესიჯი გაეგზავნა. გოლს გაიტანდა და შემდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა. უნდა ვათამაშოთ თუ არა მიქაუტაძე ალექსის ნაცვლად? ვფიქრობ, ეს ნაადრევია".
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძის ანგარიშზე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ 7 გოლიდან 4 საფრანგეთის ლიგა 1-ში გაიტანა, 2 ევროპის ლიგაზე, ხოლო ერთი საფრანგეთის თასზე.