ზედიზედ მეორედ | ბუდუს შანსი აქვს ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს
ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და „კარლსრუეს“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ბუნდესლიგა 2-ის მე-17 ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „პადერბორნს“ დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა.
ბუდუმ „კარლსრუეს“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მე-16 წუთზე, ზივზივაძის გადაცემით სებასტიან იუნგმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, 34-ე წუთზე კი, ქართველმა თავდამსხმელმა „პადერბორნის“ კარი აიღო და „კარლსრუეს“ 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.
ზივზივაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და ბუდუს შანსი აქვს, ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მის გარდა, აღნიშნულ ჯილდოზე მარტინ კაარსი, მუსა სილა, იოჰანეს შენკი, დეივი სელკე და კაი პროგერი არიან წარდგენილი და ზივზივაძისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
როგორც მოგეხსენებათ, ბუდუ ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერია და გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 17 შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ყველა ტურნირზე კი ჯამში მისი შედეგები ასე გამოიყურება: 20 მატჩი, 14 გოლი, 5 საგოლე გადაცემა.