ლევანდოვსკი: “საჯარიმოში სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა მაკლდა“
კატალონიის ბარსელონა საშინელ ფორმაშია და ეს შედეგებშიც აისახა. ბლაუგრანა პირველი ადგილიდან მესამეზე ჩამოქვეითდა.
ლა ლიგის გასულ ტურში ბარსამ საკუთარ კედლებში მადრიდის ატლეტიკოსთან 1:2 წააგო. რობერტ ლევანდოვსკის შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლო. პოლონელმა თავდამსხმელმა რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, მათ შორის ერთი ცარიელ კარში(ბურთს ფეხი ააცილა).
ვეტერანი შემტევი თავის არსებულ მდგომარეობაზე ესპანურ მედიას ესაუბრა და განაცხადა, რომ საჯარიმოში სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა აკლდა.
რა თქვა ლევანდოვსკიმ?
„ბოლო ორ-სამ თამაშში გოლის გატანის კარგი შანსები გვქონდა, რომლებიც ხელიდან გავუშვით. მქონდა განცდა, რომ საჯარიმოში სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა მაკლდა. ვფიქრობ, გუნდი ახლა კიდევ უფრო გაბრაზებულია, რადგან პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეორეში კი ჩვენი შეცდომების გამო ატლეტიკომ ორი გოლი გაიტანა.
ჩვენ ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი, მაგრამ, როგორც არ უნდა ითამაშო, თუ მომენტებს არ გამოიყენებ, წააგებ. ისე ვთამაშობდით თითქოს ფინალში ვიყავით. ასეთი თამაშები არ უნდა წავაგოთ. ეს მატჩი ჩვენთვის გაკვეთილი იყო. ხანდახან, თუ ვერ მოიგებ, არ უნდა წააგო. ეს ამ სეზონში რამდენჯერმე მოხდა. მომავალ წელს უფრო ძლიერები დავბრუნდებით და უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.“
ცნობისთვის, ბარსელონას რეალზე და ატლეტიკოზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ბლანკოსი და როხიბლანკო თუ გადადებულ თამაშებს მოიგებენ, კატალონიურ კლუბს 6 და 5 ქულით გაასწრებენ.
რაც შეეხება ლევანდოვსკის, პოლონელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.