შონ ომალის გეგმები | როგორ აპირებს შუგა საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ ომალი ტიტულის დაბრუნებას აპირებს. „შუგამ“ საჩემპიონო ქამარი მერაბ დვალიშვილთან დათმო და შეიმუშავა გეგმა, რომელიც მისი ვარაუდით, მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
„ჩემს მომდევნო ჩხუბამდე, ტელეფონიდან ყველა სოციალურ ქსელს ვშლი. სოციალურ ქსელებში ჩემს გვერდებზე ჩემი გუნდი იქნება პასუხისმგებელი. კონტენტის შექმნას გავაგრძელებთ, მაგრამ ტელეფონისგან დეტოქსიკაცია მჭირდება. ორიენტირებული ვიქნები, რომ როგორც მებრძოლმა, ისე მამამ, სრულ პოტენციალს მივაღწიო“, - განაცხადა ომალიმ.
შეგახსენებთ, რომ „შუგამ“ საჩემპიონო ქამარი UFC 292-ზე დაისაკუთრა და ალჯამეინ სტერლინგი დაანოკაუტა. ომალიმ ტიტული ერთხელ, მარლონ „ჩიტო“ ვერასთან დაიცვა, შემდეგ კი დვალიშვილს დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
ომალის ტრავმა აწუხებს და ოქტაგონზე სავარაუდოდ მარტში ან აპრილში დაბრუნდება. „შუგას“ იმედი აქვს, რომ ქამრისთვის ჩხუბის საშუალება მიეცემა და მერაბს ან უმარ ნურმაგომედოვს შეხვდება. როგორც მოგეხსენებათ, „მანქანა“ ქამარს პირველად 19 იანვარს დაიცავს.