გოგას კონკურენტმა ტრავმა მიიღო | ორლანდოს საკადრო პრობლემები გრძელდება
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ კიდევ ერთი საკვანძო მოთამაშე გამოაკლდა. ფრანც ვაგნერისა და პაოლო ბანკეროს შემდეგ, ტრავმა მო ვაგნერმა მიიღო და მიმდინარე რეგულარულში, გუნდს ვეღარ დაეხმარება.
ცნობილი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, ვაგნერმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მას ოპერაციის ჩატარება მოუწევს და მიმდინარე სეზონში, პარკეტზე ვეღარ ვიხილავთ. ვაგნერი ბითაძის ერთ-ერთი კონკურენტი გახლავთ და მისი ტრავმის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ქართველი კალათბურთელი უფრო დაიტვირთება.
ვაგნერი პარკეტზე საშუალოდ 18.8 წუთს ატარებდა და 12.9 ქულასა და 4.9 მოხსნას აგროვებდა. გერმანელი კალათბურთელი ძირითადად მძიმე ფორვარდის ან ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა და წლის საუკეთესო მეექვსე კაცის ჯილდოს მოგების ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 18 მოგება და 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციას იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 24 დეკემბერს გამართავს და ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდება.