„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი RAI-ის გადაცემის, La Domenica Sportiva-ს სტუმარი იყო. იტალიელ სპეციალისტს შეკითხვა „პარტენოპეის“ შესახებ დაუსვეს და სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
„არის თუ არა ნაპოლი მზად სკუდეტოს მოსაგებად? არ ვიცი. ჩემი აზრით, პარტენოპეი სწორ გზაზე დგას, რათა შანსი ბოლომდე ჰქონდეს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად იბრძოლოს. რატომ უჭირს კვარაცხელიას იმ დონეზე დაბრუნება, რომელსაც საჩემპიონო სეზონში აჩვენებდა? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია, რომელიც ტექნიკურად და ხარისხის კუთხით, ძალიან ძლიერია, თუმცა, მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბება ესაჭიროება.
კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და ძალიან დიდი ხარისხით გამოირჩევა. ჩემი აზრით, ზოგჯერ, შესაძლებელია, რომ მას დასვენების საშუალება მიეცეს, რადგან პაუზის შემდეგ, როცა ყველაფერს ახლიდან იწყებს, ნამდვილად შეუჩერებელია“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლის“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. ანტონიო კონტეს გუნდი „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციას“ წინააღმდეგ ელის.