გოგლიჩიძის 80 წუთი და ტრავმა - ემპოლი ატალანტასთან დამარცხდა
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.
ქართველი მცველი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. გოგლიჩიძე „ატალანტას“ შეტევის დროს თავის საჯარიმოში თანაგუნდელს შეეჯახა, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ანგარიში თავდაპირველად „ემპოლიმ“ მე-13 წუთზე, კოლომბოს გოლით გახსნა. „ატალანტამ“ მატჩის შემოტრიალება პირველივე ტაიმში შეძლო. წონასწორობა ჯერ დე კეტელარემ 34-ე წუთზე აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი ლუკმანმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოოდ, გასპერინის გუნდმა ტაიმი 2:1 მოიგო.
მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე ესპოზიტომ ბერგამოელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე, დე კეტელარემ გაიტანა, რომელმაც „ემპოლის“ კარში დუბლი შეასრულა.
რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ქართველმა მცველმა მოედანზე 79 წუთი გაატარა და ცნობილი სტატისტიკური პორტალისგან, Sofascore-სგან 6.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. საბა ბურთს 37-ჯერ შეეხო, 25 პასიდან 22 ზუსტი ჰქონდა, სახიფათო მომენტი 5-ჯერ გაანეიტრალა, 1 დარტყმა დაბლოკა, 1 ზუსტი ვარდნა შეასრულა და მეტოქეს ბურთი სამჯერ აართვა. 5 პოზიციური დუელიდან 3 მოიგო, 3 საჰაეროდან კი 1.
11 ტურის შემდეგ „ემპოლი“ სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, „ატალანტა“ კი 40 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. საბა გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ წინააღმდეგ გამართავს.