მარცხი მარსელთან - ზურიკო ერთი ტაიმი ათამაშეს
ზამთრის შესვენებამდე, ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა ბოლო მატჩი საფრანგეთის თასზე, საკუთარ მოედანზე „მარსელის“ წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ უშანსოდ, 0:4 დამარცხდა, რის შედეგადაც გათამაშებას გამოეთიშა.
ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ზურიკომ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა და მთავარმა მწვრთნელმა მეორე ნახევრის დაწყებამდე, შესვენებაზე შეცვალა.
სენტ-ეტიენისთვის დღევანდელი მატჩი უმძიმესი იყო, რადგან თითქმის მთელი თამაში 10 კაცით მოუწია ასპარეზობა. მთავარმა მსაჯმა 21-ე წუთზე სისოკო მეტოქეზე უხეშობის გამო მოედნიდან გააძევა, „მარსელმა“ კი რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა. სტუმრებმა ანგარიში სისოკოს გაძევების შემდეგ ზუსტად 1 წუთში, გრინვუდის გოლით გახსნეს, 34-ე წუთზე კი რაბიომ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში მარსელმა სენტ-ეტიენის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე ლუის ენრიკემ ანგარიში 0:3 გახადა, მეოთხე გოლი კი 81-ე წუთზე, ჰოიბიერგმა გაიტანა.
ამ მარცხის შემდეგ, სენტ-ეტიენი 2-კვირიან შესვენებაზე გავიდა და მომდევნო შეხვედრას ლიგა 1-ში, 4 იანვარს რეიმსის წინააღმდეგ ჩაატარებს.